"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მისი რუსეთში ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შესაძლებელია ქართველების, ოსებსა და აფხაზებს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება, თუმცა არა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.
"რუსეთში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის პატრიარქ კირილისთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, მათ საქართველოს მიმართ ინტერესი აქვთ. შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ შესაძლებელია ქართველების, აფხაზებსა და ოსებს შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მერე. რუსეთი ამ ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად პოზიტიურ როლს შეასრულებს. თუ ქართველი ხალხი ამ მთავრობას დატოვებს ხელისუფლებაში, რუსეთი საქართველოსთან დიალოგს არ დაიწყებს. თუ ქვეყანაში მოვა ნორმალური ძალა, რომელიც რუსეთს ჩხიკინს არ დაუწყებს, მაშინ იქნება შესაძლებელი ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება", - განაცხადა ბურჯანაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი რუსეთში 21 დეკემბერს ქუთაისის დიდების მემორიალის ანალოგის გახსნას დაესწრნენ. ბურჯანაძემ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები რუსეთის პრემიერთან და კათოლიკოს-პატრიარქთან გამართა.