ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს აქვს უფლება დაიცვას თავისი ქვეყანა, მაგრამ მეტი უნდა გააკეთოს ღაზის სექტორში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დასაცავად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ MSNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება, შეცდომაა. ბაიდენმა კვლავ მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ.
"მას {ბენიამინ ნეთანიაჰუს} აქვს უფლება დაიცვას ისრაელი, აქვს უფლება გააგრძელოს ჰამასის დევნა, მაგრამ მან მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უდანაშაულო სიცოცხლეებს, რომლებიც იკარგება განხორციელებული ქმედებების შედეგად. ჩემი აზრით, ის უფრო მეტად აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება, რადგან აიძულებს დანარჩენ მსოფლიოს წავიდეს იმის წინააღმდეგ, რისთვისაც ისრაელი იბრძვის. და მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი შეცდომაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის ლიდერმა და კიდევ ერთხელ მიუთითა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების მასშტაბური გაცვლის დაწყების აუცილებლობაზე
ბაიდენის თქმით, მან მოლაპარაკებები გამართა არაბულ სახელმწიფოებთან. მისი თქმით, „საუდის არაბეთიდან ეგვიპტესა და იორდანიამდე, ყველა მზადაა სრულად აღიაროს ისრაელი და დაიწყოს რეგიონის აღდგენა“.
ისრაელის თავდაცვის ძალების შესაძლო შეტევაზე ქალაქ რაფაჰის წინააღმდეგ საუბრისას, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი პალესტინელი ლტოლვილი იმყოფება, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არის „წითელი ხაზი“, მაგრამ ის არასოდეს მიატოვებს ისრაელს. "ისრაელის დაცვა კვლავ კრიტიკულია. ასე რომ, არ არსებობს წითელი ხაზები, {რომლის გადაკვეთის შემდეგ, შევწყვეტ დახმარებას} - განაცხადა ბაიდენმა.