სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. ამის შესახებ მან თურქულ მედიას განუცხადა.
„ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშეც ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში აღმოვჩნდით, სომხეთში აქტიურად განიხილება ახალი შესაძლებლობები. საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ამ სიაშია ევროკავშირში გაწევრიანების იდეაც. სომხეთის მოსახლეობას აქვს ევროპული მისწრაფებები და, როგორც ვთქვი, ჩვენ გავდივართ ამ პროცესს. ვნახოთ, როგორ დასრულდება ის, ამის წინასწარმეტყველებას ამ დროისთვის ვერავინ შეძლებს“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, სომხეთს საფრანგეთთან და აშშ-სთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები აქვს.
„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული დიალოგი შეერთებულ შტატებთან, რომელშიც ახალ მიმართულებებს ვიკვლევთ. იგივე შემიძლია ვთქვა ევროკავშირზე. ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენ ამ შეთანხმების მიღმა ვიყურებით. ჩვენ განვიხილავთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენს ურთიერთობებში“, - აღნიშნა მირზოიანმა.