საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან, ადამიანი, რომელსაც ალბათ ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა – მოჰკიდა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და დასვეს პრეზიდენტად – ვხედავთ, როგორ არის ჩართული დესტრუქციული ძალის ფერხულში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ყოველ კვირა ვისაუბრო კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე, მგონი, არასწორია. ერთი რამ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან. ადამიანს, რომელსაც ალბათ წარმოდგენაც და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ადამიანს, რომლის რეიტინგი იყო დაახლოებით ერთი პროცენტი, მოჰკიდა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და დასვეს პრეზიდენტად. რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვხედავთ, როგორ არის ჩართული სალომე ზურაბიშვილი ამ დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში და ფერხულში, პირდაპირ მათთან კოორდინაციაში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან მალე გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას. ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა და ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობაზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.