ერთადერთი რეალური გამოსავალი არის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში ისრაელი-ჰამასის კონფლიქტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვიცი, რომ ბოლო ხუთი თვე სულისშემძვრელი იყო მრავალი ადამიანისთვის, ისრაელისთვის, პალესტინელი ხალხისთვის და მრავალი ამერიკელისთვის. ეს კრიზისი 7 ოქტომბერს დაიწყო ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ ადამიანების ხოცვა-ჟლეტით.
1200 უდანაშაულო ადამიანი, ქალი და გოგონა, კაცი და ბიჭი, სასტიკად მოკლეს, ბევრზე სექსუალურად იძალადეს. ეს იყო ყველაზე მომაკვდინებელი დღე ებრაელი ხალხისთვის ჰოლოკოსტის შემდეგ. აიყვანეს 250 მძევალი. ამ დარბაზში არიან ამერიკული ოჯახები, რომელთა ახლობლებიც ჯერ კიდევ ჰამასის მძევლები არიან", - განაცხადა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამერიკის მთავრობა არ გაჩერდება, ვიდრე ყველა უკანონოდ დაკავებულ ამერიკელს სახლში არ დააბრუნებს. მათ შორის რუსეთში დაკავებულ ევან გერშკოვიჩსა და პოლ უილანს.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება იმოქმედოს ჰამასის წინააღმდეგ და რომ ჰამასს შეუძლია დაასრულოს ეს კონფლიქტი დღეს, მძევლების გათავისუფლებით, იარაღის დაყრით და პასუხისმგებლობის დაკისრებით იმ პირებზე, ვინც დამნაშავეა 7 ოქტომბრის თავდასხმებზე.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჰამასის მებრძოლები მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალებიან. „მაგრამ ისრაელს ასევე აქვს ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, დაიცვას უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში. ამ ომმა უფრო მეტი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას, ვიდრე ღაზაში ყველა წინა ომმა ერთად“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ 30 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, თითქმის 2 მილიონი პალესტინელი ცეცხლის ქვეშ მოექცა ან დარჩა უსახლკაროდ.
”ჩვენ ვმუშაობთ შეუჩერებლად, რათა დამყარდეს დაუყოვნებელი ზავი, რომელიც გაგრძელდება სულ მცირე ექვსი კვირის განმავლობაში. ეს დააბრუნებს მძევლებს სახლში, შეამსუბუქებს აუტანელ ჰუმანიტარულ კრიზისს და შექმნის რაღაც უფრო გამძლეს. შეერთებული შტატები უძღვება საერთაშორისო ინიციატივებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით ღაზაში“, - აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა.
„ერთადერთი რეალური გამოსავალი არის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა. მე ამას ვამბობ, როგორც ისრაელის დიდი ხნის მხარდამჭერი და ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ომის დროს ეწვია ისრაელს. სხვა გზა არ არსებობს, რაც ისრაელის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გარანტი იქნება. სხვა გზა არ არსებობს, რომელიც გარანტია იქნება პალესტინელებისთვის, იცხოვრონ მშვიდობიანად და ღირსეულად. არ არსებობს სხვა გზა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ისრაელსა და მის ყველა არაბ მეზობელს შორის, მათ შორის საუდის არაბეთს შორის“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.