ამერიკის პრეზიდენტა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის აგრესიის შეჩერება, მაგრამ ამისთვის ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს კიევის სამხედრო დახმარება.
„თუკი ვინმე ამ დარბაზში ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, რომ არ გაჩერდება, მაგრამ უკრაინას შეუძლია გააჩეროს პუტინი, თუ ჩვენ მის გვერდით ვიქნებით და მივცეთ იარაღს, რომელიც თავის დასაცავად სჭირდება. სულ ეს არის, რასაც უკრაინა ითხოვს. ისინი არ ითხოვენ ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას,“ - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები არ იბრძვიან უკრაინაში და ის არ ემხრობა ასეთ პოლიტიკას.
”მაგრამ ახლა უკრაინას დახმარებას ბლოკავენ ისინი, ვისაც სურს, რომ ჩვენ დავთმოთ ჩვენი ლიდერობა მსოფლიოში”, - თქვა ბაიდენმა და ამით მან წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების პოზიციაზე მიანიშნა.
ბაიდენი ასევე მიესალმა შვედეთის ოფიციალურ გაწევრიანებას ნატო-ში, რამაც კიდევ უფრო გააერთიანა და გააძლიერა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, რომელიც ბაიდენის თქმით, ახლა ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია მსოფლიო ისტორიაში.
„გასულ წელს ჩვენ მივესალმეთ ფინეთს ალიანსში და დღეს დილით შვედეთი ოფიციალურად შეუერთდა ნატოს და მათი პრემიერ-მინისტრი აქ არის“, - თქვა პრეზიდენტმა.
ბაიდენმა თქვა, რომ მისი გზავნილი პუტინისთვის მარტივია: "ჩვენ არ წავალთ. ჩვენ ქედს არ მოვიხრით".
"ისტორია გვიყურებს", - რამდენჯერმე გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„არც თუ ისე, ცოტა ხნის წინ, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა დასჭექა: „ბატონო, გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს {ბერლინის} კედელი, ახლა ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი ეუბნება პუტინს: „ჯანდაბა, გააკეთე, ის, რაც გინდა,” -განაცხადა ბაიდენმა.