დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
არჩევნების შედეგებისა და კოალიციის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის ემზადება.
„რაც შეეხება გადანაწილებას თუ ასე შემდეგ, ჩვენ ვემზადებით, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვემზადებით ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ორი მიზეზის გამო: ერთი – აქედანვე ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნების შედეგებს და არ აღიარებენ, ისევე როგორც არ აღიარეს 2012-ის, 2016-ის, 2020 წლის არჩევნები და მხოლოდ ზეწოლის შემდეგ აღიარეს ეს არჩევნები. აქაც დარწმუნებული ვართ და უკვე ვხედავთ ამის ყველანაირ ნიშანს, რომ არ აღიარებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, იყოს ზემყარი უმრავლესობა პარლამენტში, რომ რამე კითხვის ნიშნის საბაბიც კი არ ჰქონდეს ვინმეს პარლამენტთან დაკავშირებით; და მეორე – საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატის მიცემა „ქართული ოცნებისთვის“ ქართველი ხალხის ინტერესშია, რადგან ეს იქნება მყარი გზავნილი ყველას მიმართ, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ქართველი ხალხი კედლად დგას საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და არავის მისცემს შესაძლებლობას, ეს ქვეყანა შეიყვანოს ომში, ეკონომიკურ კატასტროფაში და დახიოს უკან დეკადებით, რაც გვექნებოდა ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.