რუსეთის ფედერალური ხელისუფლება უამინდობასთან, ახალგაზრდობის ქსენოფობიურ გამოხტომებთან, რეგიონებში წესრიგის დაცვასთან და საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლაში არმიის ჩართვას აპირებს. მათ შეიარაღებული ძალებისათვის უჩვეულო ფუნქციების შესრულება მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ "ნეზავისიმაია გაზეტა" ავრცელებს. გაზეთის აზრით ეს მოწმობს იმას, რომ ადგილებზე სამმართველო კრიზისია.
გაზეთის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შევიდა არაოფიციალური განკარგულება იმის შესახებ, რომ წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში არმიამ მიიღოს მონაწილეობა შესაძლო საგანგებო სიტუაციების დარეგულირების საქმეში. აქ იგულისხმება საგანგებო სიტუაციები, რომლებიც სოციალურ და ბუნებრივ ხასიათს ატარებს.
თათრეთში 27 დეკემბრიდან უკვე გამოცხადებულია სამხედრო მოსამსახურეთა 10 დღიანი შეკრება. სამხედრო სამსახურისათვის გაწვეულია 600 მდე რეზერვისტი. რესპუბლიკის სამხედრო კომისრის განცხადებით ისინი ჩართული იქნებიან როგორც გზების თოვლისგან გაწმენდის ისე სხვა საგანგებო სიტუაციების განმუხტვის საკითხებში.
თუმცა, გაზეთის წყაროს ინფორმაციით, დედაქალაქებში ჯარის დანაყოფები მხოლოდ თოვლისაგან გზების გასაწმენდად როდი სჭირდებათ. მისი ინფორმაციით, მთელი რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო სადესანტო ჯარები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილნი და მზად არიან ნებისმიერ დროს შესაძლო მასობრივი არეულობებისას სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმარონ.
მასალის გამოყენების პირობები