ეკა ბესელიას შემდეგ სახალხო კრების მიერ არჩეულ ორგანოებში საკუთარ უფლებამოსილებაზე "ეროვნული ფორუმიც" უარს აცხადებს. კახა შარტავას გუნდი აღნიშულის მიზეზად "ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს" ასახელებს.
"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კრების
იდეისა და პროცესის პოლიტიკური მარწუხებისგან გათავისუფლების სისწორე და
აუცილებლობა. "ეროვნული ფორუმი" იზიარებს წარმომადგენლობითი სახალხო
კრების საინიციატივო ჯგუფის ცალკეული წევრების პოზიციას ამ პროცესში
სამოქალაქო საზოგადოებისათვის უპირატესობის მინიჭების, შეძენილი
პოლიტიკური აქცენტების, ტვირთისა და გავლენის გარეშე საქმიანობის
შესაძლებლობის მიცემის თაობაზე. ამან უნდა მისცეს კრებას საშუალება
მიაღწიოს ისეთ მასშტაბურ, საფუძვლიან სამოქალაქო თანხმობას და
კონსოლიდაციას საზოგადოების აქტიურ ნაწილში, რომლის პოლიტიკურ სტრატეგიად
ქცევის და აღსრულების დროც მოვა. მანამდე, ამ ეტაპზე, "ეროვნული ფორუმის"
წარმომადგენლები, პარტიასთან შეთანხმებით, იჩერებენ თავიანთ
უფლებამოსილებას 25 ნოემბრის სახალხო კრებაზე არჩეულ ორგანოებში:
სათათბირო დარბაზში, აღმასრულებელ საბჭოსა და მის მიერ შექმნილ
სტრუქტურებში, რათა არაპოლიტიკურ შემადგენლობას დარჩეს პოლიტიკურად
მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და საქმიანობის წარმართვის
თავისუფლება", - ნათქვამია ფორუმის განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო კრება და შთამბეჭდავი ლეგიტიმაციით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის ბოლო დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებაში და "ეროვნული ფორუმი" მას მხარს უჭერს.
"ეროვნული ფორუმი" მხარს უჭერდა და უჭერს კრების საყოველთაოობას, რისი
მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ფართო სამოქალაქო თანხმობის საფუძველზე... მაგრამ კრება არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური ბატალების ასპარეზად. სახალხო კრების იდეა და გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესი არ უნდა შეეწიროს მსხვერპლად პოლიტიკურ ინტერესთა შეხლა-შემოხლას, კონკურენციას", - აღნიშნულია განცხადებაში.
"ეროვნული ფორუმი" მუშაობას განაგრძობს პარტიულ ფორმატში.
შეგახსენებთ, რომ სახალხო კრების მიერ არჩეულ ორგანოებში საკუთარ უფლებამოსილებაზე რამდენიმე დღის წინ უარი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერმა ეკა ბესელიამაც თქვა. მან აღნიშნულის მიზეზად ბურჯანაძი-ბიწაძის მიერ ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ გაკეთებული სკანდალური განცხადებები დაასახელა.