ოდესაში მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. მრავალსართულიანი კორპუსის ნანგრევების ქვეშ, 10 წლის ბიჭის ცხედრის პოვნის შემდეგ მაშველებმა მისი 8 წლის დის ცხედარიც იპოვეს. ამის შესახებ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი Telegram-ში წერს.
მაშველებმა ბავშვების დედის, მისი ქმრის და შვიდი თვის დის ცხედრები მანამდე იპოვეს. ბოლო მონაცემებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვია.
2 მარტს, გამთენიისას, რუსეთმა 8 დრონი ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეჯახა.