ნუ ეძებთ სკანდალს და დამერწმუნეთ, ვერ იპოვით, ძალიან მარტივად არის მდგომარეობა, მთავრობის მეთაური არის ირაკლი კობახიძე და, შესაძლოა, ჰქონდეს თავისი შეხედულებები, მოსაზრებები, რომლებსაც, შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა დაპირისპირება მასა და პრემიერ-მინისტრს შორის.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არავითარი დაპირისპირება არ არის.
„პრემიერ-მინისტრი როცა ვიყავი, მაშინ, თუ არ ვცდები, ექვსი მინისტრი შევცვალე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. ირაკლი კობახიძეს, შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც, შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ასევე, პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება, ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებებიც, თითქოს ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვეს. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერ-მინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი? აი, გესმით?! ძალიან მარტივი ასახსნელია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.