აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლი რამადანის დაწყებამდე შეწყდება.
"მე ამის იმედი მაქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივედით აქამდე“, - განუცხადა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს შეკითხვის პასუხად, მოელის თუ არა შეთანხმების მიღწევას რამადანისთვის, რომელიც იწყება 10 ან 11 მარტს.
„ჩვენ მივალთ აქამდე, მაგრამ ჯერ არ ვართ... შეიძლება ვერც მივიდეთ“, - დასძინა ბაიდენმა, მას სხვა დეატლები არ დაუკონკრეტებია.
კვირის დასაწყისში ბაიდენმა თქვა, რომ ის ელოდა, რომ ორშაბათისთვის მიიღწეოდა ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის, მაგრამ შემდეგ თარიღი თანდათან გადაწია.
ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მალე ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ ღაზაში 29 თებერვალს მომხდარი შემთხვევის შემდეგ განაცხადა, როდესაც ასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა ჰუმანიტარული დახმარების მიღების დროს ცეცხლის გახსნისას.
მისი თქმით, აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან.
მან „ტრაგიკული და საგანგაშო მოვლენა“ უწოდა მომხდარ ინციდენტს,
„სიცოცხლის დაკარგვა გულსატკენია. ხალხი სასოწარკვეთილია, რომ უდანაშაულო ადამიანები საშინელ ომში არიან და არ შეუძლიათ თავიანთი ოჯახების გამოკვება. თქვენ ნახეთ პასუხი, როდესაც ისინი ცდილობდნენ დახმარების მიღებას. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ შეერთებულ შტატებში და გავაკეთებთ კიდევაც უფრო მეტს. უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს იორდანიაში და სხვებს საჰაერო ფრენების საშუალებით დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.