მოსკოვში უამინდობით, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის გამყინვარებითა და ენერგომომარაგების დაზიანებით გამოწვეული ავიაკოლაფსი ჯერ ჯერობით არ დასრულებულა, თუმცა აეროპორტებში "შერემეტიევოსა" და "დომოდედოვოში" არსებულმა სიტუაციამ ცვლილება უკეთესობისაკენ დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაგვიანებული მგზავრების რაოდენობა ორჯერ შემცირდა, თუმცა სავარძლები კვლავინდებურად არასაკმარისია, ამიტომაც მრავალი ადამიანი ჯერ კიდევ იძულებულია იჯდეს და იწვეს იატაკზე. აეროპორტების ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ სიტუაცია 2-3 დღეღამეში გამოსწოდება.
თუმცა მიუხედავად ამ დაპირებებისა აეროპორტებს შესაძლოა ახალი განსაცდელი დაატყდეს თავს. უახლოეს დროში ჰიდრომეტცენტრი მძლავრ თოვლს პროგნოზირებს, რომელსაც პროგნოზის მიხედვით შეიძლება თან ახლდეს სველი თოვლი, წვიმა და ნისლი.
"შერემეტიევოში" შექმნილი მდგომარეობის გამო დაზარალდა 10 ათასი მგზავრი. გადადებული რეისების უდიდესი ნაწილი "აეროფლოტს" ეკუთვნის. ამჟამად კიდევ იგეგმება დაახლოებით 50 რეისის გადადება, რომელთა შორისაც 23 საერთაშორისო რეისია 26 კი შიდა.
ვარაუდობენ, რომ უახლოეს საათებში "დომოდედოვოს" აეროპორტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. სულ "როსავიაციის" მონაცემებით გასული დღეღამის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნა 460-ზე მეტი რეისის შესრულება.
არსებულმა ავიაკოლაფსმა ავიასადგურებში არსებულ კვებით დაწესებულებებს დიდი მოგება მოუტანა. მათ არ შეამცირეს ფასები მენიუზე და მგზავრები იძულებულნი არიან საკვები განუზომლად დიდ ფასად შეიძინონ. ფინჯანი ყავა 250 რუბლი (დაახლოებით 8 აშშ დოლარი ღირს), სალათი 300 რუბლი და ა.შ. ფასები ასევე დიდია ტაქსზე. გადამყვანები ყოველივეს ფორს-მაჟორულ სიტუაციას აბრალებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არავითარი კომპენსაციის გადახდას მგზავრებისათვის არავინ არ აპირებს. ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა თანამდებობის პირი პასუხისმგებლობას იცილებს და ყველაფერს ვიღაცას აბრალებს.
ამიტომაც უახლოეს მომავალში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების წინააღმდეგ შეიძლება მრავალი სარჩელი იქნეს შეტანილი. აცხადებს მოსკოვის ადვოკატთა კოლეგიის ხელმძღვანელი სერგეი ჟორინი. მისი კოლეგები დადიან აეროპორტებში "შერემეტიევოსა" და "დომოდედოვოში" და მგზავრებისაგან საჩივრებს აგროვებენ. ჟორინის ინფორმაციის უკვე ასზე მეტი სარჩელია დაწერილი და მათი რაოდენობა იზრდება. "სარჩელები ავიაკომპანიებისა და აეროპორტების წინააღმდეგ იანვრის შუა რიცხვებისათვის იქნება შეტანილი", _ აცხადებს ადვოკატი. მისივე თქმით, მიმართვა ასევე უკვე გაგზავნილია ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში. "ადგილი აქვს შეთქმულებას ვინაიდან კაფეებსა და რესტორნებში ფასები 10 ჯერ გაიზარდა, ტაქსის მომსახურება კი 5 ჯერ. ასე რომ რუსეთისათვის მთლიანობაში სარჩელის თანხა შეიძლება უპრეცედენტო იყოს. საუბარი შეიძლება წავიდეს ათობით მილიონ რუბლზე", _ აცხადებს ადვოკატი. მიმართვები ასევე გაგზავნილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ რეისის ორი საათით გადადების შემთხვევაში მგზავრს უფლება აქვს ავიაკომპანიის ხარჯზე გამაგრილებელი სასმელი მოითხოვოს, ოთხი საათით გადადების შემთხვევაში ცხელი საკვები, ღამის ექვსი და დღის რვა საათით რეისის გადადების შემთხვევაში კი მგზავრს უფასოდ სასტუმროს უფლება აქვს. მათ ასევე აქვთ უფლება გააკეთონ ორი სატელეფონო ზარი ავიაკომპანიის ხარჯზე.