აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა წააგებს სრულმასშტაბიან ომს რუსეთის წინააღმდეგ, მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთთან ბრძოლა მოუწევს.
ამის შესახებ ოსტინმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსმენა ძირითადად წლის დასაწყისში ოსტინის ჰოსპიტალიზაციაზე იყო ფოკუსირებული, რაც მან წინასწარ არ აცნობა არც თეთრ სახლს და არც კონგრესს, კონგრესმენებმა ასევე დაუსვეს რამდენიმე კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად სჭირდება უკრაინას აშშ-ის სამხედრო დახმარება.
თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული ვითარება მსოფლიოში, „როდესაც ერთ ქვეყანას შეუძლია თავისი მეზობლების საზღვრების შეცვლა და მათი სუვერენული ტერიტორიების უკანონოდ წართმევა“.
”ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ის არ გაჩერდება. ის გააგრძელებს უფრო აგრესიულ ყოფნას რეგიონში. და სხვა ლიდერები მთელს მსოფლიოში, სხვა ავტოკრატები შეხედავენ ამას და ისინი წახალისდებიან იმ ფაქტით, რომ ეს მოხდა და ჩვენ ვერ შევძელით დემოკრატიული სახელმწიფოს მხარდაჭერა“, - დასძინა მან.
შემდეგ ოსტინმა განმარტა, რომ თუ უკრაინა ბრძოლის ველზე დამარცხდება, უპირველეს ყოვლისა, სავარაუდოდ, ბალტიის ქვეყნები აღმოჩნდებიან საფრთხის ქვეშ.
"თუ თქვენ ბალტიის ქვეყანა ხართ, ძალიან ღელავთ, რომ შემდეგი იქნებით. მათ იციან ვინ არის პუტინი. მათ იციან, რა შეუძლია მას. და გულწრფელად რომ ვთქვათ, თუ უკრაინა დაეცემა, დარწმუნებული ვარ, რომ ნატო რუსეთთან იომებს", - განაცხადა მან.