ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.
სააგენტო AFP ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს, რადგან შეკრებილი ადამიანები საფრთხედ მიიჩნიეს.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა სააგენტოს განუცხადა, რომ ინციდენტი ღაზის დასავლეთ ნაწილში მოხდა. ”ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანები ზედმეტად მიუახლოვდნენ ტანკებს, რომლებიც მახლობლად იმყოფებოდნენ. ათასობით ადამიანი მივარდა სატვირთო მანქანებს. ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ხალხს, როდესაც ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ტანკებთან, - თქვა მან.
გავრცელებული ცნობით, დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
განვითარებული მოვლენების გამო, „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მძევლების გასათავისუფლებლად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი შეწყვიტონ.