"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებები ადასტურებს, რომ რუსეთი არ აპირებს უპასუხოს საქართველოს ცალმხრივ ინიციატივას, ძალის გამოუყენებლობის შესახებ და კვლავაც გააგრძელებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევის, საერთაშორისო თანამეგობრობის სამართლიანი მოთხოვნების დემონსტრაციული იგნორირების პოლიტიკას", - განცხადება ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნული განცხადებით საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წლის საგარეო პოლიტიკური მოვლენების შესახებ გამოქვეყნებულ მოხსენებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც ეხება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკუთარი ვალდებულებების და უმაღლეს დონეზე ხელმოწერილი შეთანხმებების უარყოფა რუსეთის დიპლომატიის "სავიზიტო ბარათს" წარმოადგენს.
"ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ უნდა იყოს უცხოელი პარტნიორების სკეპსისი რუსეთის ნებისმიერი ინიციატივის, მათ შორის, ე. წ. ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმების ინიციატივის მიმართ, რაც ჯერ კიდევ არ აქვთ ან არ უნდათ სათანადოდ გააცნობიერონ აღნიშნული დოკუმენტის შემქმნელებმა", - ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წლის საგარეო პოლიტიკური მოვლენების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ პერევიდან საოკუპაციო ძალის გაყვანით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმება შეასრულა.