ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
ანა ფოტიგას შესწორების თანახმად,დოკუმენტში „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კონსტიტუციური უფლება. ეს კი, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“.
ასევე „მკაცრად გმობენ რუსეთის გეგმებს, ოკუპირებულ აფხაზეთში, კონკრეტულად კი ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის აშენებას და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის დასასჯელად“.
„მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ციხეში მოკვდეს.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ისინი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს.
დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდასაჭერად მიიღო ჩემ მიერ შეტანილი ორი ცვლილება“,- წერს ანა ფოტიგა „ტვიტერში“.