პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთო საზღვრის დროებით დახურვისა და ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ.
"მზად ვარ მივიღო რთული გადაწყვეტილებები, როდესაც საქმე ეხება უკრაინის საზღვარს, ყოველთვის კონსულტაციებს ვუწევ კიევს, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი დაძაბულობა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გრძელვადიანი გამოსავალი", - განაცხადა ტუსკმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იქნება დროებითი და მტკივნეული გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის.
მან ვარშავაში სოფლის მეურნეობის სამიტი დააანონსა, რომელიც 29 თებერვალს გაიმართება. მის ფარგლებში პოლონეთის პრემიერი საპროტესტო აქციის ლიდერებს შეხვდება.
ამასთან, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუდმივ კონტაქტშია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
თებერვლის დასაწყისში პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე პროტესტი განაახლეს. კერძოდ, 25 თებერვლის ღამეს იქ მორიგი დივერსია მოხდა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წინააღმდეგ. უცნობმა პირებმა რვა მატარებლის ვაგონი გახსნეს და რკინიგზის ლიანდაგზე მარცვლეული გადაყარეს.
26 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებში პრობლემა არ არის, მაგრამ არის კრიტიკული მომენტი პოლონეთსა და ევროპაში უკრაინული მარცვლეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის კუთხით, გადასახადებისა და სტანდარტების გარეშე, რაც ევროკავშირში არსებობს.
27 თებერვალს ათასობით პოლონელმა ფერმერმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა. შემდეგ მომიტინგეებმა უკრაინიდან პროდუქციის იმპორტი და ევროკავშირის „მწვანე კურსის“ პოლიტიკა გააპროტესტეს.