უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და საფრთხემ, რომელსაც კრემლი უქმნის ევროპას, დაასრულა კონტინენტზე მშვიდობისა და ნეიტრალიტეტის ეპოქა. ამის შესახებ კულებამ The Irish Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
შექმნილ პირობებში ცალკეული ქვეყნების ნეიტრალიტეტის შესაძლებლობაზე საუბრისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა განსაზღვროს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო საშუალება.
„პირადად მე მიმაჩნია, რომ ევროპაში დასრულდა ნეიტრალიტეტისა და მშვიდობის ერა. ეს სამწუხარო რეალობა არის ჩვენი კონტინენტის აღმოსავლეთში ახალი რევანშისტული და იმპერიული ძალის შედეგი, ანუ პუტინის დიქტატურის”, - აღნიშნა კულებამ.
კულებამ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, ის არ გაჩერდება, ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა ყველა საჭირო იარაღით არის საუკეთესო გზა ახლა ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მან ასევე მოუწოდა ევროპაში სამხედრო წარმოების გაძლიერებისკენ, მისივე თქმით, მნშვნელოვანია ყველა ბიუროკრატიული დაბრკოლების აღმოფხვრა და კონტინენტზე წარმოებული იარაღის გამოყენება ევროპული სახელმწიფოების დაცვისა და უპირველეს ყოვლისა, უკრაინის საჭიროებებისთვის.
„ევროპაში წარმოებული ყოველი საარტილერიო ჭურვი ევროპის დაცვას უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.