ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ რუსეთთან ხანგრძლივი დაძაბულობისთვის, რომელსაც შესაძლოა სურდეს „უაახლოესი თვეების განმავლობაში გააძლიეროს თავისი პოლიტიკური და სამხედრო პროვოკაციები ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობები“, - წერს ბორელი თავის ბლოგში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შეჯამებისას, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართა.
ამასთან, მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, შეიმუშაონ გლობალურ სამხრეთთან ურთიერთობის სტრატეგია.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და ღაზის სექტორის ომმა დასავლეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის დაპირისპირების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ გლობალური სამხრეთის მრავალი ქვეყანა დასავლეთს ადანაშაულებს „ორმაგ სტანდარტებში“, რუსეთმა კი მოახერხა სიტუაციის გამოყენება. "ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ ნარატივს და არა მხოლოდ სიტყვებით. ჩვენ უნდა გავწიოთ უზარმაზარი ძალისხმევა უახლოეს თვეებში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი პარტნიორების ნდობა", - ხაზგასმით აღნიშნა მან.