აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გმობს ბელარუსში ლუკაშენკას რეჟიმის ფიქტიურ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს.
„არჩევნები ჩატარდა შიშის ატმოსფეროში, რომელშიც არცერთ საარჩევნო პროცესს არ შეიძლება ეწოდოს დემოკრატიული“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
მილერმა განაცხადა, რომ ლუკაშენკას რეჟიმს ჯერ კიდევ 1400-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს გისოსებს მიღმა და ბელარუსში ყველა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ან დაკავებულია ან ქვეყნიდან გაძევებულია.
„ყველა დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. ბელარუსებს საზღვარგარეთ შეეძლოთ ხმის მიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაბრუნდებიან მინსკში, სადაც, სავარაუდოდ, მათ რეპრესიები ელით. ამ ძალადობამ ფაქტობრივად გაყინა ნამდვილი პოლიტიკური აქტივობა და პოლიტიკური დისკურსი ბელარუსში“, - ნათქვამია მილერის განცხადებაში.
მილერმა აღნიშნა, რომ რეჟიმმა არ მისცა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვების უფლება, „რამაც კიდევ უფრო მეტად შეზღუდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი გამჭვირვალობა“.
შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ლუკაშენკას რეჟიმს შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს დიალოგი თავის პოლიტიკურ ოპონენტებთან.
"ბელარუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს", - თქვა მეთიუ მილერმა.
შეგახსენებთ, დღეს, ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.