უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ყირიმში, რუს ოკუპანტებს სიურპრიზები ელით და მოსახლეობას მოუწოდა არ ისარგებლონ ე.წ. ყირიმის ხიდით.
"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო არა ორი წლის წინ, არამედ ათი წლის წინ - უკრაინული ყირიმის ოკუპაციასთან ერთად. თუმცა არც უკრაინის სახელმწიფო და არც უკრაინელები არ დათანხმდნენ ეღიარებინათ აგრესორის უფლება ყირიმის მიწაზე", - განაცხადა მან.
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგობა ოკუპანტების წინააღმდეგ ერთი წუთითაც არ ცხრება, მიუხედავად რეპრესიებისა.
"წარმატებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ შავი ზღვა და უზრუნველვყოთ ყირიმის ნახევარკუნძულზე ყოფნა. დაკისრებული ამოცანები შესრულებულია", - აღნიშნა ბუდანოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა დაკარგა გემების მეოთხედი და იძულებული გახდა თავისი ფლოტი გაეყვანა კავკასიის სანაპიროზე და გადაეჯგუფებინა თვითმფრინავები, რადგან ყირიმის აეროდრომები და სამხედრო ობიექტები მუდმივად უკრაინის ცეცხლის ქვეშაა.
„ჩვენი წარმატებების გამო უაღრესად დიდ ვალში ვართ უკრაინული ყირიმის მაცხოვრებლების წინაშე, რომლებმაც არა მხოლოდ გააძლიერეს წინააღმდეგობა ოკუპანტების მიმართ, არამედ იყენებენ შესაძლებლობას თვალყური ადევნონ ნახევარკუნძულზე მთელ ოპერატიულ ვითარებას და რაც შეიძლება სწრაფად გადმოგვცენ ეს ინფორმაცია. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ 2023 წელს უკრაინული სპეცრაზმი ყირიმში იქნებოდა და ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. მტერს ახალი სიურპრიზები ელის, მშვიდობიან მოსახლეობას კი ვურჩევ ეგრეთ წოდებული ყირიმის ხიდი არ გამოიყენონ", - აღნიშნა ბუდანოვმა.