ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში რუსეთის ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ომზე კი პასუხისმგებლობას რუსეთსა და კრემლის ხელმძღვანელობას აკისრებენ. განცხადების თანახმად, ევროკავშირი ასევე პირობას დებს, უკრაინის გვერდით იდგეს და მხარი დაუჭიროს მას ამ ომში იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება „უკრაინელი ხალხის, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების და საერთაშორისო წესრიგისთვის“.
„ევროკავშირი განაგრძობს ძლიერი და ურყევი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური, ეკონომიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაწევას, რათა დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას თავი და თავისი ხალხი, საკუთარი ქალაქები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, დაიბრუნოს ათასობით დეპორტირებული ბავშვი და დაასრულოს ომი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები ასევე ჰპირდებიან უკრაინას აუცილებელი სამხედრო დახმარების გაწევას, კერძოდ კი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალებისა და რაკეტების მიწოდებას.
„ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო ზომები ევროკავშირის დონეზე ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების გასაზრდელად და გავაგრძელებთ შესაძლებლობების გაზრდას, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა და თანამშრომლობა უკრაინასთან, ამავდროულად, განვამტკიცოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ევროპული სუვერენიტეტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.