შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მხარი დაუჭირეს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს კანდიდატურას ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე.
”პრეზიდენტი ბაიდენი მტკიცედ უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრ რუტეს კანდიდატურას ნატო-ს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე. პრემიერ- მინისტრ რუტეს ღრმად ესმის ალიანსის მნიშვნელობა, არის ლიდერად დაბადებული და კომუნიკატორი. მისი ხელმძღვანელობა კარგ სამსახურს გაუწევს ალიანსს ამ კრიტიკულ დროს”, - თქვა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რუტემ, რომელიც მანამდეც ნატო-ს ხელმძღვანელობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატად მიიჩნეოდა, განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს უკრაინისთვის.
ალიანსის ლიდერები ინიშნებიან კონსენსუსის პრინციპით, რაც მოითხოვს მხარდაჭერას - ან ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგობების არარსებობას - ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის {31 ქვეყანა} მხრიდან. ორი დიპლომატის თქმით, რუტეს კანდიდატურას ამჟამად მხარს უჭერს დაახლოებით ნატო-ს 20 ქვეყანა.
ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი ნატო-ს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. გასული წლის ივლისში მას უფლებამოსილება მეოთხედ გაუგრძელდა.
დიპლომატების თქმით, რუტე ამ პოსტზე ერთადერთი ოფიციალური კანდიდატია. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინიშმა ასევე გამოხატეს ინტერესი, მაგრამ კანდიდატებად ოფიციალურად წარდგენილი არ არიან.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა, რომელიც ზოგიერთმა სტოლტენბერგის შესაძლო მემკვიდრედ მოიხსენია, უარყო ეს შესაძლებლობა და თქვა, რომ თუ მას შესთავაზებენ ნატო-ს ხელმძღვანელობას, ის უარს იტყვის.