26 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც 2023 წლის მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და სახელმწიფო ბრალდების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინა მოსამართლეს, გადაიდო.
არსებული ინფორმაციით, დასკვნითი სხდომის გადადების მიზეზი მოსამართლის, ზვიად შარაძის შვებულება გახდა.
ამ დროისთვის უცნობია როდის ჩაინიშნება შემდეგი სასამართლო სხდომა.
ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
ამავე დროს, ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ ბრალდებულად ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ მას გასული წლის 25 სექტემბერს 1,6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.