აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს „შეშლილი ნაბიჭვარი“ უწოდა. ბაიდენმა პუტინის შესახებ ეს განცხადება კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.
"ჩვენ გვყავს შეშლილი ნაბიჭვარი, ეს ბიჭი, პუტინი და სხვები. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ბირთვულ კონფლიქტზე. მაგრამ კაცობრიობისთვის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარები, რომელმაც თავისი სამართლებრივი პრობლემები შეადარა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილს.
პრეზიდენტმა თავისი წინამორბედის კომენტარების პერიფრაზირება მოახდინა და შემდეგ დამსწრეებს უთხრა, რომ „10-15 წლის წინ აქ რომ ვმდგარიყავი და ეს ყველაფერი მეთქვა, ყველა იფიქრებდით, რომ ციხეში უნდა ვყოფილიყავი“.
ჯო ბაიდენის თქმით, ის გაოგნებულია ტრამპის ამ განცხადებით.
„ზოგიერთი რამ, რასაც ეს ადამიანი ამბობს, მაგალითად, ნავალნისთან თავის შედარება, განცხადება, რომ ჩვენი ქვეყანა კომუნისტურ ქვეყნად იქცა და მას დევნიდნენ ისე, როგორც ნავალნის, ჯანდაბა, არ ვიცი საიდან მოდის ეს", - თქვა ბაიდენმა.