„დღეს ვხედავთ აქტიურ მცდელობას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების, ლიდერებისა თუ როგორ ემიჯნებიან თითქოს თავის მშობლიურ „ნაციონალურ მოძრაობა 1“-ს და როგორ ემიჯნებიან მის ლიდერს, რომელიც წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საზოგადოების მოტყუების მცდელობა, და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ოპოზიცია რაღაც ახალ პოლიტიკურ პრეფერენსებს სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას და ამომრჩეველს. ეს არის იგივე „ნაციონალური მოძრაობა“, რებრენდირებული იგივე ადამიანებით, იგივე შინაარსით და იგივე დესტრუქციული დღის წესრიგით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც რადიკალური ოპოზიციის გეგმა ჩამოიშალა დეკემბერში - დაებლოკათ საქართველოსთვის ევროპული მომავალი, კანდიდატის სტატუსის მიღება, რომ ქვეყანაში ყოფილიყო ეკონომიკური რეცესია და ძირი გამოეთხარათ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ყველანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას მიმართავდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში.
მისივე თქმით, ამის და ცხრა არჩევნებში დამარცხების შემდეგ, როგორც იქნა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი პატრონები და ლობისტები დარწმუნდნენ, რომ ამ პოლიტიკური პარტიით, რაიმე წარმატებაზე, რაიმე ელექტორალურ გაუმჯობესებაზე საუბარი და ფიქრი არის ზედმეტი და დაიწყეს ახალი პროექტი - „ნაციონალური მოძრაობა-2“
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და 60%-იანი პოლიტიკური რეიტინგი ამ მომენტში და დღევანდელი ელექტორალური განაწილებით „ნაციონალური მოძრაობა 1“ 15-20%-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ შეაგროვებს.
„ამიტომ, მათ დავალება აქვთ, რომ როგორმე შეინარჩუნონ ეს მხარდაჭერა, ხოლო დანარჩენ 20 პროცენტზე იბრძვის ეს ე. წ. ახალი პოლიტიკური ბანაკი „ნაციონალური მოძრაობა-2“. მათი მიზანი არის რომ ე. წ. გადაუწყვეტელი 20 პროცენტიდან როგორმე დაუმატოს ხმები „ნაციონალურ მოძრაობა 1“-ს . რა თქმა უნდა, ახალი პოლიტიკური ბანაკისადმი, რომელსაც ახლა „ლელო“ მეთაურობს, ხოლო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მათ სამომავლო პროგრამას და ხედვას აჟღერებდა აქ პარლამენტში, მათთვის ხმის მიცემა, მათი მხარდაჭერა ნიშნავს ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობის მხარდაჭერას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.