„ქალბატონო პრეზიდენტო რამდენიმე დღის წინ თქვენ ამ ტრიბუნიდან საუბრობდით ევროპულ ღირებულებებზე, ჰუმანიზმზე, ცივილიზებულ სამყაროზე, ერთობაზე, ჩვენს ეროვნულ ამოცანებზე და ბევრ ისეთ საკითზე, რაც სიურპრიზი იყო ჩვენთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, მაგრამ ამისთვის საუბარი საკმარისი არ არის. საზოგადოება თქვენგან მოელის კონკრეტულ ნაბიჯებს და ის ერთადერთი კონკრეტული ნაბიჯი თქვენი მხრიდან დღეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“, - ამის შესახებ დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებშიც და მათ შორის პოლიტიკურ ოპოზიციაშიც გააჩნდა გარკვეული ოპტიმიზმი იმისა, რომ საქართველოში კიდევ არსებობდა ხალხის მიერ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული ინსტიტუციის წარმომადგენელი, რომელიც მართლა ზრუნავდა ეროვნულ ერთობაზე და ღირებულებებზე.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდა გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
„თქვენ გაქვთ საშუალება გადადგათ ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში დაამკვიდრებთ სიმშვიდეს, გარკვეულ საკითხებზე ეროვნულ თანხმობას და ერთიან სულისკვეთებას, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რომლის წინაშე დგას ქვეყანა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. ღრმადა ვარ დარწმუნებული ამ ნაბიჯს მოგიწონებენ ის ადამიანები, რომლებმაც მხარი დაგიჭირათ ისევე, როგორც მოგიწონებთ მთლიანად ქართული საზოგადოება. საქართველოს ისტორია თქვენს ამ ნაბიჯს სათანადოდ შეაფასებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.