ისრაელი უარს არ იტყვის ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე შეტევაზე და „ჰამასის“ ძალების განადგურებაზე. „ვინც ეწინააღდეგება რაფაჰში ჩვენს ოპერაციას, საბოლოო ჯამში გვეუბნება: „დაამარცხდით ომში“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. იუწყება Reuters.
მისი თქმით, შეტევა დაიწყება "მას შემდეგ, რაც საბრძოლო ზონაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას მისცემენ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობას“.
გარდა ამისა, ნეთანიაჰუმ მიუთითა „ჰამასთან“ ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით ორგანიზებულ მოლაპარაკებებში პროგრესის ნაკლებობაზე. „ისრაელის მხარეს „ჰამასის“ ბოდვითი მოთხოვნების გარდა არაფერი მიუღია“, -აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, მებრძოლების მოთხოვნები მოიცავს საომარი მოქმედებების დასრულებას, რადიკალური მოძრაობის შენარჩუნებას მისი ამჟამინდელი ფორმით და ათასობით პატიმრის გათავისუფლებას ისრაელის ციხეებიდან.
1,3 მილიონმა იძულებით გადაადგილებულმა პალესტინელმა ბოლო თვეების განმავლობაში რაფაჰს შეაფარა თავი. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს თავმჯდომარის, იან ეგელანდის თქმით, ამ ადგილას ჩასულებს საკვებისა და სასმელი წყლის ნაკლებობა ემუქრებათ. არაერთმა ევროპელმა და მსოფლიო პოლიტიკურმა მოღვაწემ გამოთქვა შეშფოთება რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის ბედზე ისრაელის გეგმების ფონზე.
ამასთან, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში დარეგულირების პერსპექტივას. როგორც მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ რეგიონის სხვა ქვეყნებთან ყოვლისმომცველი შეთანხმების ფარგლებში.
„ეს არ მოხდება, თუ ჩვენ არ ვიპოვით ეფექტიან გადაწყვეტილებებს ისრაელის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით“, - ასე უპასუხა ისრაელის პრეზიდენტმა კითხვას პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ.