ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დეპუტატებს დევნილებთან დაკავშირებული საკითხების "სიღრმისეულად გაცნობას" ურჩევს. ასე ეხმაურება სუბელიანი დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ მინისტრმა საზოგადოებისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა.
"მე ჩემს პირობას ყოველთვის ვასრულებ. თუ დეპუტატები საკითხში გაერკვევიან და მას უფრო სიღრმისეულად გაეცნობიან, კარგი იქნება. მათ ჰგონიათ, რომ საკითხს სიღრმისეულად იცნობენ, მაგრამ ასე არ არის. დევნილები ძალიან რთული თემაა, ამიტომაც მზად ვარ, ნებისმიერ პოლიტიკოსსა და ოპოზიციონერთან ვითანამშრომლო", - განუცხადა სუბელიანმა ჟურნალისტებს ბაღათურიას განცხადებაზე კომენტირებისას.
მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფო დევნილებს "კარვებში ცხოვრების ნაცვლად რეგიონებში კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ფართებს და მათ საკუთრებაში გადაცემას სთავაზობს, რაზედაც ისინი უარს ამბობენ".
"ისინი ითხოვენ ფართებით თბილისში დაკმაყოფილებას, რისი საშუალებაც არ გვაქვს", - დასძინა სუბელიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბაღათურია ანტიკრიზისული საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს, რომელზედაც სუბელიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
"კობა სუბელიანმა ანტიკრიზისული საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე დეპუტატებს პირობა მისცა, რომ არც ერთ დევნილს ძალის გამოყენებით თბილისიდან არ გაასახლებდნენ. სუბელიანმა პირობა დაარღვია, დევნილებთან დაკავშირებული პრობლემები კი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების წინაპირობა უნდა გახდეს", - განაცხადა ბარათურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.