"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ახალ წლამდე ანტიკრიზისული საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.
როგორც ბაღათურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დადებული პირობა დაარღვია.
"კობა სუბელიანმა ანტიკრიზისული საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე დეპუტატებს პირობა მისცა, რომ არცერთ დევნილს ძალის გამოყენებით თბილისიდან არ გაასახლებდნენ. სუბელიანმა პირობა დაარღვია, დევნილებთან დაკავშირებული პრობლემები კი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების წინაპირობა უნდა გახდეს", - აღნიშნა მან.
ბაღათურიას მტკიცებით, ანტიკრიზისული საბჭოს წევრებს უკვე შეუთანხმდა, იმისათვის, რომ 30 დეკემბერს, 13:00 საათზე ანტიკრიზისული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართოს.
"კობა სუბელიანისგან ახსნა-განმარტებებს კიდევ ერთხელ მოვისმენთ. თუ სხდომის ჩატარება 30-ში ვერ მოხერხდება, მზად ვართ 31 დეკემბერს და 1 იანვარსაც ვიმუშაოთ", - დასძინა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.