ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, სწრაფად დაამტკიცოს უკრაინის დამატებითი დაფინანსება და აღნიშნა, რომ ნატო-ს სხვა მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერა უკვე აღემატება ამერიკის დახმარებას. სტოლტენბერგმა ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.
გენერალურმა მდივანმა აღიარა, რომ ნატო-ს ევროპელი წევრები ნამდვილად არ აკეთებენ საკმარის ინვესტიციას საკუთარ თავდაცვაში, მაგრამ უკრაინას სამხედრო დახმარების მოცულობის თვალსაზრისით, კანადასთან ერთად, უფრო მეტი თანხა გამოუყვეს, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა.
მან დასძინა, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტზე გადაწყვეტილების არარსებობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე.
"საუბარია არამხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე, არამედ რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცებაზე. რადგან ეს გადაუდებელია. ჩვენი მოლოდინის ყოველ კვირას უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღუპება უკრაინის ბრძოლის ველზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
"ჩემი საქმე არ არის, ვურჩიო აშშ-ის კონგრესს კანონების მიღების შესახებ. მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ შეერთებულ შტატებს აქვს სასიცოცხლო და გადაუდებელი აუცილებლობა, მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რადგან მას ესაჭიროება ეს მხარდაჭერა," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.