ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ნატოსა და ევროკავშირთან წლევანდელი ურთიერთობით კმაყოფილია.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატომ წელს უკვე მეორედ საქართველოში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ეს იყო საფუძველი იმისა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისადმი ძლიერი მხარდაჭერა იქნა გამოხატული", - განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს 2010 წლის შედეგების შეფასებისას.
რაც შეეხება ევროკავშირს, სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, წელს საქართველოში განხორციელებული რეფორმების გამო ქვეყანამ კიდევ ერთი დადებითი შეფასება ამ ორგანიზაციის მხრიდანაც მიიღო.
"ევროკავშირთან ურთიერთობის ფარგლებში წელს მნიშვნელოვანი იყო სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება და ის სამზადისი, რომელიც თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად არის საჭირო", - განმარტა ბარამიძემ, რომელმაც აქვე ისიც დააკონკრეტა, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე მხარეებს შორის მოლაპარაკებების გახსნას მომავალ წელს უნდა ველოდოთ.