"ქართული პარტიის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დათა ახალაიასთან კონფლიქტს ადასტურებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული პარტიის" პრესსამსახურში განუცხადეს, ოქრუაშვილი ახალაიას გუშინ, პარიზში, სასტუმრო "ჰაიატიში", შემთხვევით შეხვდა.
"ირაკლი ოქრუაშვილი სასტუმროში შვილთან ერთად იმყოფებოდა. მას სასტუმროს მისაღებში დათა ახალაია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი, იგივე "გლობუსა" და კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ირაკლიმ ვერ იცნო, შემთხვევით შეხვდა. ახალაიამ მას ბავშვის თანდასწრებით შეუარცხყოფა მიაყენა და აგდებულად "რაღაც" უთხრა, რაც ირაკლიმ, ბუნებრივია, ვერ მოითმინა და როგორც თვითონ ამბობს, სახეში "მაგრად გაარტყა", - განუმარტეს "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართულ პარტიაში".
ნინო ძაგნიძის თქმით, ის ირაკლი ოქრუაშვილს პირადად ესაუბრა და მისგან ისიც გაიგო, რომ შემთხვევის შემდეგ "ქართული პარტიის" ლიდერმა "ბავშვი სახლში წაიყვანა და სასტუმროში ახალაიას სანახავად ისევ დაბრუნდა, თუმცა "ჰაიატიში" მას ის უკვე აღარ დახვედრია".
"ახალაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენთვის უცნობია", - აღნიშნა ნინო ძაგნიძემ და აქვე ისიც განმარტა, რომ სიტუაციის განსამუხტად ოქრუაშვილი-ახალაიას ჩხუბში სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და დაცვის წარმომადგენლების ჩარევა გახდა საჭირო.