პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე ემუქრება ადამიანს, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და ნეოფაშისტური რეჟიმისგან იხსნა ხალხი, მოუტანა ხანგრძლივი მშვიდობა ქვეყანას.
ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელშიც ხაზარაძე ამბობს: „ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს მოსკოვში, ეს არის პოლიტიკური გზავნილი“.
ღარიბაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძე არის თაღლითი და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, რასაც მას ყოველთვის შეახსენებს.
„კაცი, რომელიც ახლა ოცნებობს, რომ გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი, ძალიან მაინტერესებს, რომელ მოგებაზეა საუბარი. და საერთოდ, რას იმუქრება ეს არარაობა ადამიანი, კრიმინალი, თაღლითი და ვის ემუქრება? ემუქრება ადამიანს, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და ნეოფაშისტური რეჟიმისგან იხსნა ჩვენი ხალხი, მოუტანა უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. ამ ადამიანს ემუქრება ეს თაღლითი, კიდევ ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ. ამის შემდეგ მას ყოველთვის შევახსენებ თავის კრიმინალურ წარსულს. ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის სააკაშვილი, ხაზარაძე და მასთან დაკავშირებული ყველა ოპოზიციური პარტია ემსახურება სააკაშვილის პოლიტიკურ მიზნებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.