2010 წლის 2 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთში არსებულ XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რის შედეგადაც ძეგლის ავთენტურობა დაირღვა. როგორც მოძრაობა მიიჩნევს, ეკლესიას რუსული ხუროთმოძღვებისთვის დამახასიათებელი ე.წ. "ხახვისთავიანი" გუმბათი დააშენეს; გარე ფასადი, მათ შორის აღმოსავლეთ კედელი, სადაც ქართული დამწერლობით შესრულებული ხუთი ლაპიდარული წარწერა იყო განთავსებული, თეთრად არის გადაღებილი, თაღები კი - წითლად. ტაძარს დამატებული აქვს ქართული არქიტექტურისთვის უცხო რელიეფური ელემენტები.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 23 დეკემბერს მოსკოვში ვიზიტად მყოფი „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილ მეორეს შეხვდა.
რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საკითხიც დააყენა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის პატრიარქს ამ ტაძართან მიმართებაში მას სრულიად განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდა. "შეხვედრაზევე კირილ მეორემ საპატრიარქოს წარმომადგენელს დაავალა დაუყოვნებლივ სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნობა და საკითხს დეტალურად შეისწავლის. რუსეთის პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ჯგუფში უნდა შევიდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა ნდობა, ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი ეჭვგარეშეა აღნიშნული საკითხით დაინტერესებული მხარეებისთვის", - განმარტავს ბურჯანაძის პარტია.
რუსეთის პატრიარქმა დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარის ინფორმაცია დადასტურდა, რუსეთის საპატრიარქო აღნისნულ ფაქტს კატეგორიულად დაგმობს, ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში აღიკვეთოს მსგავსი ქმედებები და ხელი შეეწყოს ტაძრისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას.
რუსეთის პატრიარქმა ნინო ბურჯანაძეს სთხოვა, ქართულმა მხარემ ტაძრის შესახებ დეტალური ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს მიაწოდოს, რათა ყველა პრეტენზია სათანადო რეაგირების მოხდენის მიზნით დეტალურად იქნეს შესწავლილი.
საქართველოში დაბრუნებული ნინო ბურჯანაძე 24 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა და იგი რუსეთის პატრიარქთან საუბრის და მოსკოვში ვიზიტის სხვა დეტალებთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ნინო ბურჯანაძეს რუსეთის პატრიარქთან ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საკითხის დაყენებისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის პატრიარქის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტად შეაფასა.
"ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ, უმოკლეს ვადაში მედიის საშუალებით საჯარო გახადოთ, ან საქართველოს საპატრიარქოს მიაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმ სავალალო სახეცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთში არსებულ XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამ ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად განიცადა, რათა აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პატრიარქის პოზიციამ ხელი შეუწყოს პრობლემის მოგვარებას.
„დემოკრატიულ მოძრაობას" იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ნამდვილად არის დაინტერესებული საკითხის მოგვარებით და შესაბამისად, უსწრაფესად გამოეხმაურება ჩვენს მიმართვას და კვირის ბოლომდე მოახდენს სათანადო რეაგირებას", - მიმართავს რურუას უწყებას "დემოკრატიული მოძრაობა".