შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს ღაზას სექტორში ცეცხლის სულ მცირე 6 კვირით შეწყვეტის შესახებ, როგორც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს მძევლების გათავისუფლებას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც პალესტინელი, ისე ისრაელის ხალხის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, ღაზას სექტორში ექვსკვირიანი ზავი, რომელზეც შეერთებული შტატები მუშაობს, შეიძლება დაეხმაროს, ერთი მხრივ, ისრაელს მძევლების გათავისუფლებაში და, მეორე მხრივ, გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა ადგილობრივებისთვის.
ბაიდენი ასევე გამოვიდა მოწოდებით, დაიცვან მშვიობიანი მოქალაქეები, რომლებიც თავს აფარებენ ღაზას სექტორის სამხრეთით, ეგვიპტესთან სასაზღვრო ქალაქ რაფაჰს.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებით, ბოლო დღეებში და კვირებში დაახლოებით 1 300 000 პალესტინელმა შეაფარა თავი რაფაჰს.
ბაიდენმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ისრაელი, თავი შეიკავოს ამ ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან სანდო გეგმის გარეშე, რომელმაც იქ შეფარებული მილიონზე მეტი ადამიანის უსაფრთხოება უდ უზრუნველყოს.
რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან თავშეკავების მოწოდებით გამოვიდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა. ეგვიპტე კი ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების შეწყვეტით იმუქრება.
იორდანიის მეფე აბდულა II ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ღაზას სექტორში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
"ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ რაფაჰზე თავდასხმა, ამას აუცილებლად მოჰყვება ჰუმანიტარული კატასტროფა", - თქვა მან. „ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი ზავი ახლა. ეს ომი უნდა დასრულდეს", - დასძინა იორდანიის მონარქმა.