ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ნატო არ არის ალიანსი, რომელიც შეიძლება დამოკიდებული იყოს აშშ-ის პრეზიდენტის ახირებაზე.
"ნატო არ შეიძლება იყოს à la carte (შერჩევითი) სამხედრო ალიანსი, რომელიც ექვემდებარება აშშ-ს პრეზიდენტის ახირებას", - განაცხადა ბორელმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებების საპასუხოდ.
"ნატოს ქვეყნებს არ შეუძლიათ, რომ დღეს თქვან "დიახ", ხოლო ხვალ "არა", როდესაც საქმე ეხება ალიანსის დაცვა. ის ან არსებობს ან არ არსებობს", - დასძინა ბორელმა.
10 თებერვალს, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან გამოსვლისას გაიხსენა საუბარი ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე.
როგორც ტრამპმა თქვა, "დიდი ქვეყნის" ლიდერმა ჰკითხა, დაიცავს თუ არა შეერთებული შტატები ამ სახელმწიფოს რუსეთის მიერ თავდასხმის შემთხვევაში. ტრამპის თქმით, მან უპასუხა, რომ ნატოს ბიუჯეტში შენატანების გადაუხდელობის შემთხვევაში, აშშ არ დაიცავს თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანას და თავდამსხმელ მხარეს "წახალისებს" კიდეც, "აკეთოს ის, რაც უნდა".
ტრამპი, რომელიც კვლავ ისწრაფვის შეერთებული შტატებში პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებისკენ, არაერთხელ გამოვიდა მუქარიდა, ნატოს დატოვებასთან დაკავშირებით. ის ასევე ხშირად გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ უსამართლოდ მიაჩნია, შეერთებულმა შტატებმა აიღოს პასუხისმგებლობა 30 სხვა წევრი ქვეყნის დაცვაზე, მაშინ როცა ევროპელები საკმარის ფულს არ ხარჯავენ თავდაცვაზე.
2019 წლის დეკემბერში ლონდონში გამართულ ნატოს სამიტზე ტრამპმა მოუწოდა ბლოკის ყველა ქვეყანას გაზარდონ თავიანთი შენატანები ნატოს ბიუჯეტში ეროვნული მშპ-ს 4 პროცენტამდე.
დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურნენ თეთრი სახლი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მზადაა და შეუძლია დაიცვას ყველა მოკავშირე აგრესიის შემთხვევაში და ნატო-ს ქვეყანაზე ნებისმიერი თავდასხმა მიიღებს ერთიან და ძლიერ პასუხს.
თეთრი სახლის განცხადებით, "მკვლელი რეჟიმების თავდასხმის წახალისება ვაშინგტონის უახლოეს მოკავშირეებზე შემაძრწუნებელი და საგანგაშოა და საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ უსაფრთხოებას და აშშ-ს ეკონომიკის სტაბილურობას".