გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ ისრაელის შეტევამ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰზე, შესაძლოა მძიმე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვიოს.
"1.3 მილიონი ადამიანი ცდილობს დაემალოს საბრძოლო მოქმედებებს ძალიან შეზღუდულ სივრცეში. ისრაელის არმიის შეტევა რაფაჰზე, შესაძლოა, ჰუმანიტარულ კატასტროფად იქცეს. ღაზაში ხალხი ჰაერში ვერ გაქრება", - წერს ბერბოკი სოციალურ ქსელში.
ბერბოკმა ხაზი გაუსვა ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას ჰამასის ტერორისგან, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა შეუმსუბუქოს მშვიდობიან მოსახლეობას ტანჯვა.
„აუცილებელია ცეცხლის შემდგომი შეწყვეტა, მათ შორის იმ მიზნით, რომ ჰამასმა რაც შეიძლება მეტი მძევალი გაათავისუფლოს“, - თქვა ბერბოკმა.
ბერბოკმა ასევე განაცხადა, რომ გეგმავს ისრაელში მორიგი ვიზიტს, რათა განიხილოს ღაზის სექტორის სამხრეთში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების საკითხები. „მომავალ კვირას ისრაელში კვლავ განვიხილავ ამ მიზნის მიღწევის გზებს“, - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გერმანიის საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი შემდეგ შუა კვირაში გაიმართება.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რაფაჰის გარეუბანზე 10 თებერვლის ღამეს დარტყმები განახორციელეს.
ერთი დღით ადრე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უბრძანა სამხედროებს შეემუშავებინათ გეგმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და რაფაჰსა და მის გარეუბანში მოქმედი ჰამასის ძალების განადგურების შესახებ. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიზნები ვერ მიიღწევა, ვიდრე რეგიონში ჰამასის ოთხი ბატალიონი რჩება.
ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებიაა, თუ სად უნდა შეძლოს მშვიდობიანმა მოსახლეობამ ევაკუაცია. ამავდროულად, Reuters-ი წყაროზე დაყრდრნობით იუწყება, რომ რაფაჰის მაცხოვრებლები, შესაძლოა, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ რეგიონებში გაგზავნონ.