შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განარისხა სპეციალური მრჩევლის (პროკურორის), რობერტ ჰურის ანგარიშმა, რომლის თანახმადაც ბაიდენმა დაარღვია საიდუმლო დოკუმენტაციის შენახვის წესი.
ამავე ანგარიშის თანახმად, ბაიდენს უჭირდა გაეხსენებინა მისი ცხოვრების ძირითადი მოვლენების თარიღები.
სპეციალურმა მრჩეველმა რობერტ ჰურმა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის იუსტიციის მდივანმა, მერიკ გარლანდიმ დანიშნა, თქვა, რომ ბაიდენს არ ახსოვს, "როდის იყო ვიცე-პრეზიდენტი" (2009 წლიდან 2017 წლამდე), ან " როდის გარდაიცვალა მისი ვაჟი ბო ბაიდენი (2015).
"მე კარგი მეხსიერება მაქვს, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე, რომელიც ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საგანგებოდ გაიმართა.
მან ასევე ემოციური პასუხი გასცა ანგარიშში მითითებულ ინფორმაციას, რომ ბაიდენმა ვერ გაიხსენა, რომელ წელს გარდაიცვალა მისი ვაჟი. "ჯანდაბას, როგორ ბედავს ამის თქმას", - განაცხადა ბაიდენმა.
"გულწრფელად რომ ვთქვა, როცა კითხვა დამისვეს, ვფიქრობდი, რომ ეს მათი საქმე არ იყო", - თქვა მან. "არ მჭირდება ვინმემ შემახსენოს, როდის გარდაიცვალა [ბო ბაიდენი]".
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის შემდეგ, არასათანადოდ შეინახა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებული იყო სამხედრო და საგარეო პოლიტიკასთან ავღანეთში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბაიდენმა ზოგიერთი სენსიტიური ინფორმაცია (ხელით ნაწერი) გაუზიარა მწერალს, რომელიც მის მემუარებზე მუშაობს. ბაიდენმა უარყო ეს ბრალდება.
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ბაიდენმა უარყო მის მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, უნებლიედ მან ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულა ფათაჰ ალ-სისი "მექსიკის პრეზიდენტად" მოიხსენია.
345-გვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენს მეხსიერებასთან დაკავშირებით "მნიშვნელოვანი შეზღუდვები" აქვს.
საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესების დარღვევის მიუხედავად, სპეციალური მრჩეველი ბაიდენის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყების წინადადებით არ გამოსულა.
სპეციალურმა პროკურორმა დაასკვნა, რომ რთული იქნებოდა პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ შენახვისთვის, რადგან "იგი სასამართლოზე, ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარდგებოდა, როგორც სიმპათიური, კეთილგანწყობილი, ხანშიშესული, ცუდი მეხსიერების მქონე ადამიანი".
საიდუმლო დოკუმენტები ნაპოვნი იქნა ბაიდენის სახლის ავტოფარეხში ვილმინგტონში, დელავერის შტატში და ყოფილ კერძო ოფისში 2022-23 წლებში.
ბაიდენის თქმით, მან არ იცოდა, რომ მისმა თანამშრომლებმა დოკუმენტები ავტოფარეხში შეინახეს.
სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნებამ ასევე განარისხა რესპუბლიკელები, რომლებმაც ბაიდენის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არწამოწყების გამო, ანგარიშის ავტორი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს, რადგან საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის გამო ბრალი აქვს წაყენებული დონალდ ტრამპს.