ისრაელი პალესტინასთან მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში მზადაა დროებითი სამშვიდობო შეთანხმების ვარიანტი განიხილოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ განაცხადა.
ნეთანიაღუმ აღნიშნა, რომ იგი მზად არის მშვიდობისთვის, თუკი პალესტინელები ისრაელს ებრაულ სახელმწიფოდ აღიარებენ და დათანხმდებიან დემილიტარიზებული სახელმწიფოს შექმნას, ასევე უარს იტყვიან დევნილთა დაბრუნებაზე.
"თუ ისინი დათანხმდებიან აღიარონ ისრაელი ებრაულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, უარს იტყვიან პალესტინელი დევნილების დაბრუნების უფლებებზე, არავითარი კოალიციური შეთანხმება მე არ შემაჩერებს პალესტინელებთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისგან და ამ ხელშეკრულების რეფერენდუმზე გასატანად. ეჭვიც არ მეპარება, რომ ხალხი მხარს დამიჭერს" - განაცხადა ნეთანიაღუმ.
მისი თქმით, მოლაპარაკებები უკვე 18 წელია მიმდინარეობს. შეიცვალა 7 პრემიერ-მინისტრი, 10 საგარეო საქმეთა მინისტრი, "კეთდებოდა სხვადასხვა შეთავაზებები, მივდიოდით უამრავ დათმობებზე, მაგრამ ისინი არ მოდიან შეთანხმებაზე".
"ისინი მზად არ არიან აღიარონ ებრაული სახელმწიფო და მზად არ არიან უარი განაცხადონ პალესტინელი დევნილების დაბრუნებაზე. თუ ისინი საბოლოოდ ამ საკითხისთვის მომწიფდებიან, მე მზად ვარ". - განაცხადა ნეთანიაღუმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია წააწყდეს გადაუწყვეტელ წინააღმდეგობას - იერუსალიმის სტატუსს, პალესტინელი დევნილების პრობლემას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, თუმცა ამ მიმართულებით შესაძლებელია გაფორმდეს შუალედური ხელშეკრულებები, სადავო საკითხების გარეშე.