პაკისტანში ეროვნული ასამბლეის (ფედერალური პარლამენტის ქვედა პალატა) და 4 პროვინციის - ბელუჯისტანის, ხაიბერ პახტუნხვას, პენჯაბის და სინდის - საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები მიმდინარეობს.
არჩევნებში 5000-ზე მეტი კანდიდატია რეგისტრირებული, რომელთაგან მხოლოდ 313 ქალია. კანდიდატები იბრძვიან ფედერალურ ასამბლეაში 336 ადგილისა და პროვინციულ ორგანოებში 749 ადგილის დასაკავებლად.
ხმის მიცემის უფლებით 128 მილიონი ადამიანი სარგებლობს.
საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება. ამის შემდეგ დაიწყება ბიულეტენების დათვლა და შედეგები გაიგზავნება ისლამაბადში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში.
მოელიან, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები 9 თებერვალს გამოცხადდება.
საყოველთაო არჩევნებში 44 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი პაკისტანის მუსლიმთა ლიგას აქვს, რომელსაც სამგზის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი ხელმძღვანელობს. იგი გასულ წელს დაბრუნდა პაკისტანში გადასახლებიდან.
შარიფი ამჟამად პრემიერ-მინისტრობის მთავარ კანდიდატად ითვლება და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მისი ხელისუფლებაში დაბრუნება შესაძლებელი ხდება პაკისტანის ძლიერი სამხედრო ისტებლიშმენტის მხარდაჭერით.
გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ასევე პაკისტანის სახალხო პარტიას (PPP), რომელსაც ხელმძღვანელობს ბილავალ ბჰუტო ზარდარი, პაკისტანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს ვაჟი.
არჩევნებში ასევე მონაწილეობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის პარტიის წარმომადგენლები, თუმცა მათ ბიულეტენზე თავიანთი პარტიის ლოგოს გამოსახვა აეკრძალათ, რაც საქმეს ართულებს, რადგან ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა კითხვა არ იცის და პარტიებს ლოგოს საშუალებით ცნობს.
იმრან ხანი ამჟამად საპატიმროშია და დასჯელს იხდის კორუფციისა და სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღვნების ბრალდებით. მას 2020 წლის აპრილში პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.