მოძრაობა „თავისუფალი საქართველო" ეხმაურება ვენეციის კომისიის ექსპერტთა სამართლებრივ დასკვნას „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონზე, რომელიც ზღუდავს მანიფესტაციების გამართვას 20 მეტრის რადიუსში სამთავრობო შენობებისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების შესასვლელებთან, ასევე კრძალავს ავტოკოლონებით მოძრაობას და აწესებს ბევრ სხვა შეზღუდვას.
ზემოთ აღნიშნული სადავო მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით 2009 წლის 17 სექტემბერს აღნიშნულმა მოძრაობამ შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. დღეისათვის ამ საკითხზე გამოქვეყნებულია ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც მე-15, 21-ე, 24-ე, 34-ე მუხლებში საუბარია 20 მეტრიან რადიუსში სამთავრობო შენობებთან მანიფესტაციის გამართვის აკრძალვის დაუშვებლობაზე, მოქმედი სისტემის განსაკუთრებულ სიმკაცრეზე - ის არ იძლევა შეკრებებისა და მანიფესტაციების განხორციელების გარანტიებს. "აღნიშნული კანონი უნდა იყოს შედარებით რბილი და გამარტივებული-ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მართებულია ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი", - აღნიშნულია კუკავას მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტისაგან კატეგორიულად მოვითხოვთ, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ძალადაკარგულად გამოაცხადოს 2009 წლის აგვისტოში მიღებულ ცვლილებათა პაკეტი", - მოითხოვს "თავისუფალი საქართველო.