ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მიხეილ ხადარკოვსკისა და მისი ბიზნესპარტნიორის გასამართლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.
"კანონის ამგვარი შერჩევითი გამოყენება ხადარკოვსკისა და ლებედევის წინააღმდეგ ძირს უთხრის რუსეთის რეპუტაციას, როგორც ქვეყნისა, რომელიც კანონის უზენაესობის განმტკიცებას ცდილობს", - ნათქვამია განცხადებაში.
ხადარკოვსკის და ლებედევის საქმეს ეხმიანება სახელმწიფო დეპარტამენტიც. ჰილარი კლინტონის თქმით, მათი სასამართლო პროცესი უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის რეპუტაციაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების კუთხით.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთში სამართლიანობის ხარისხის საკითხს ისინი მოსკოვში, ურთიერთობის ყველა დონეზე წამოწევენ.