ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერებს უბრძანა, იორდანიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შემდეგ გაუარესებული ვითარების ფონზე, თავიდან აირიდონ აშშ-სთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩაბმა.
ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, რათა განეხილა რეგიონში ბოლო თავდასხმის გამო გამწვავებული სიტუაცია.
ირანის უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში შედიან უზენაესი ლიდერი, პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიარაღებული ძალების მეთაური, ისლმური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური და მთავრობის კაბინეტის წევრები.
წყაროების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა აიათოლა ხამენეის გადასცეს მოქმედების გეგმის შესახებ ინფორმაცია, რის შემდეგაც უზენაესმა ლიდერმა გამოსცა მკაფიო ბრძანება - თავიდან აიცილონ ამერიკასთან პირდაპირი ომი და გაემიჯნონ იმ დაჯგუფების ქმედებებს, რომლებიც თავს დაესხნენ ამერიკულ ბაზას.
ამავდროულად, ირანი ემზადება ქმედებისთვის, თუ აშშ საპასუხო დარტყმას განახორციელებს. წყაროების თანახმად, ირანის სარდლობამ შეიარაღებული ძალები მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანა, გააქტიურა საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ერაყის საზღვართან ბალისტიკური რაკეტები განათავსა.
რამდენიმე დღის წინ, იორდანიაში განთავსებულ აშშ-ის საჰაერო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული დაჯგუფებები. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 40-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო. თეთრმა სახლმა უკვე დაამტიკცა თავდასხმაზე რეაგირების გეგმა.