რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-76-ის ჩამოსაგდებად გამოყენებულია ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა "პატრიოტი".
პუტინის თქმით, ამ დასკვნამდე რუსეთის საგამოძიებო უწყება მივიდა.
"საბოლოოდ დადგინდა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს ამერიკული "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემით", - თქვა პუტინმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართულ ღონისძიებაზე.
მან დასძინა, რომ მოსკოვი "დაჟინებით მოითხოვს" საერთაშორისო გამოძიებას ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა დასავლეთ რუსეთშიმ ბელგოროდის ოლქში გასულ ოთხშაბათს.
მანამდე, პუტინმა განაცხადა, რომ "აშკარაა", კიევმა ჩამოაგდო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76.
მოსკოვის მტკიცებით, ავიაკატასტროფას 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე და ეკიპაჟის 9 წევრი შეეწირა.
უკრაინა არც ადასტურებს და არც უარყოფს თავის მონაწილეობას თვითმფრინავის ჩამოგდებაში.
კრემლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გამოძიება ილ-76-ის კატასტროფის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მისი დასკვნების შესახებ სპეკულირება ნაადრევია.