უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარში 880 ათასი ადამიანია. ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ARD-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„მადლობელი ვართ მათი, ვინც დაბრუნდა უკრაინაში სამუშაოდ და არა მხოლოდ საბრძოლველად. უკრაინაში უამრავი ადამიანი მუშაობს...
ჩვენ გვყავს 880 ათასი (მებრძოლი), გვყავს მილიონიანი ჯარი და ამავდროულად 30 მილიონი მოქალაქე მუშაობს და შეიძლება მეტიც - დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცით: 6,5-მა თუ 7,5-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა {ომის} დასაწყისში {ქვეყანა}“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას ჰყავს დიდი არმია, მაგრამ ისინი, ვინც ქვეყანაშია, იცავენ ევროპასა და მსოფლიოს თავის სამუშაო ადგილებზე.
ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა, რომლებმაც საზღვარგარეთ წავიდნენ, გადასახადები უნდა გადაიხადონ უკრაინაში, ხოლო კაცები, რომლებმაც ქვეყანა უკანონოდ დატოვეს, უნდა დაბრუნდნენ.
„ჩვენ გვსურს, რომ ადამიანები, ვინც კანონაგრეშე წავიდნენ, ვინც მობილიზაციის ასაკის არიან, უკრაინაში დაბრუნდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმე იმაში არ არის, რომ ყველა ფრონტზე უნდა წავიდეს - ჩვენ გვყავს დიდი ჯარი, საქმე სამართლიანობაშია. ამ ხალხმა უნდა გადაიხადოს გადასახადები.
არიან ადამიანები, რომლებიც წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. ისინი არ დაბრუნებულან თავიანთ სამუშაო ადგილებზე. მათი უფლებაა. მაგრამ თუ ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან, გადასახადების გადახდა მოუწევთ - სასურველია უკრაინაში. იმიტომ, რომ ჩვენ ამ ფულს ვაძლევთ ჩვენს სამხედროებს, ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც გვიცავენ. და ისინი იცავენ არა მარტო უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ პუტინი ომს აწარმოებს გამოფიტვამდე და თავის დანაკარგს არ ითვლის.
”ომის პირველ წელს რუსეთი საერთოდ არ იყენებდა მათემატიკას, და უბრალოდ ყრიდა თავის ხალხს. ისინი მათ ისე ექცევიან, როგორც ხორცს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მათთვის გამოფიტვაა. მათ არ აინტერესებთ: 1, 2, 3 მილიონი - რამდენი მოკვდება?
ახლა კი გვაქვს, მაგალითად, ავდიივკა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ: ეს მათი ხალხის ღობეებია, ადამიანები ბრძოლის ველზე ერთმანეთზე წვანან - ეს ცხედრების ღობეებია, არც კი მიაქვთ,” - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსულ ჯარს 617 ათასი სამხედრო ჰყავს.