საგარეო უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს.
"ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. საქართველო-რუსეთის წლევანდელი ურთიერთობები 2009 წლის ურთიერთობების სარკისებული ანარეკლი იყო.
რუსული პოზიცია არ შეცვლილა. ისინი ჯიუტად არიან ჩაჭიდებულნი იმ შეცდომებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში დაუშვეს", - განაცხადა ვაშაძემ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ქვეყნის მთავარი დიპლომატის შეფასებით, მოსკოვს არც საქართველოსთან, არც სამხრეთ კავკასიასა და არც მთლიანად კავკასიის რეგიონისადმი არანაირი მოფიქრებული და გააზრებული სტრატეგია არ აქვს.
"ეს არის ქვეყანა, უფრო სწორად პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც თავს არიდებს ძალიან მტკივნეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, არ ვიცი. არადა, რუსეთში საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი გამოიყენებდა იმ განცხადებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში გააკეთა", - დასძინა ვაშაძემ.