სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა ბაქო თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა შესთავაზა.
„ჩვენ აზერბაიჯანს შევთავაზეთ საზღვრის დემილიტარიზაცია, ასევე იარაღის ურთიერთკონტროლის მექანიზმი, ასევე თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა, თუკი აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე მოსალოდნელი ოყო“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერევანს არ აქვს პრეტენზია სხვა ტერიტორიებზე, გარდა თავისი სუვერენული ტერიტორიისა, ამიტომ მზადაა გასცეს ასეთი გარანტიები, მაგრამ ელის ანალოგიურ გარანტიებს სხვებისგან.
ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს უსაფრთხოების გარანტიის რამდენიმე მექანიზმი, მაგალითად, ჯარების სარკისებური გაყვანა სომხეთის სსრ და აზერბაიჯანის სსრ ადმინისტრაციული საზღვრიდან.
„ეს საზღვარი, 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის შესაბამისად, გახდა სახელმწიფო საზღვარი და 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ამის საფუძველზე აღიარებდნენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ჯარების სარკისებური გაყვანა საშუალებას იძლევა, რომ აზერბაიჯანის სსრ-ს ყველა ტერიტორია იყოს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, ხოლო სომხეთის სსრ-ის ყველა ტერიტორია სომხეთის კონტროლს დაექვემდებაროს“, - განმარტა ფაშინიანმა.