უკრაინას აქვს ისეთივე სუვერენული უფლება, აირჩიოს თავისი გზა, როგორც ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც ნატო-ს წევრობა აირჩიეს, –განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Fox News-ის ეთერში.
სტოლტენბერგმა უპასუხა შეკითხვას რუსეთსა და ნატო-ს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ ალიანსში უკრაინის წევრობის შემთხვევაში.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო ომის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა.
„მე ნორვეგიიდან ვარ, ჩვენ რუსეთს ვესაზღვრებით. როდესაც ნორვეგია ნატო-ს წევრი გახდა, საბჭოთა კავშირმა ამას პროვოკაცია უწოდა. ეს არ იყო პროვოკაცია, ყველა სუვერენული ერის უფლებაა აირჩიოს თავისი გზა.
უკრაინას აქვს ისეთივე სუვერენული უფლება, აირჩიოს თავისი გზა, როგორც ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც ნატო-ს წევრობა აირჩიეს, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა არ მიაღწიოს იმას, რაც სურს უკრაინაში, რადგან ეს იქნება წახალისება სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის: „დღეს ეს არის უკრაინა, ხვალ შეიძლება იყოს ტაივანი“.
„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, შეერთებული შტატებისთვის კარგია უკრაინის მხარდაჭერა და ასევე გარკვეულ ეტაპზე მათი მოწვევა ალიანსის სრულუფლებიან წევრად“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.